logo
ENG



დენდროლოგიური პარკი ბაობაბების გახმობაში ენმ-სა და "სიცრუის ტექნოლოგიას" ადანაშაულებს

09 აგვ 202415:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/09/fpbifc0jz2xd29w.jpg

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი განცხადებას ავრცელებს და ბაობის ხეების გამოხმის მიზეზად "ნაცმოძრაობის სიცრუის ტექნოლოგიას, ფეიკ-ნიუსებს და ცრუ ბრალდდებებზე აგებულ საჩივრებს" ასახელებს. როგორც პარკის განცხადებაში წერია, "ხელოვნური შეფერხების გამო" საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა.

დენოდროლოგიური პარკი 2020 წელს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაიხსნა.

"ამ ყველაფრის მიუხედავად, პროექტის ინიცირების დღიდანვე ნაციონალური მოძრაობის კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და ვნებების კვალდაკვალ, მთელი თავისი რესურსით უშედეგოდ ებრძვიან პროექტს. ჯიუტად ცდილობენ როგორმე ჩირქი მოცხონ ამ უნიკალურ წამოწყებას, მის ავტორსა და განმახორციელებელს.

ზუსტად ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას.

როგორც კი აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრედწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი.

ნაცმოძრაობის სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად. ამ ყველაფრის გამო პროექტის განმახორციელებლებს მოუწიათ მრავალგზის აეღოთ ერთი და იგივე დასკვნები, ფიტოსანიტარული ცნობები, სხვადასხვა უწყების ნებართვები და ა.შ.. დაუსრულებელ ბიუროკრატიულ მორევში იკარგებოდა ძვირფასი დრო.

საბოლოოდ სამართალმა აფრიკაშიც გაიმარჯვა და ყველა ცრუ ბრალდება კენიის სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უარყოფილ იქნა, მაგრამ მავანმა მაინც მოახერხა პროექტისთვის ზიანის მიყენება.

დროში გაწელვის შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 08 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკელ „გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა.

არადა ბაობაბების საქართველოში ადრეც გადმორგულა. შეკვეთილსა და თბილისში დღესაც ხარობს რამდენიმე ბაობაბი, რომელთა გადმორგვა წინა პერიოდში მოხერხდა. მათი გადმოტანისას ადგილი არ ჰქონია ხელოვნურ შეფერხებებს. პროცესი ადექვატურ ვადებში წარიმართა, და შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა. ასე უნდა მომხდარიყო ამჯერადაც, მაგრამ სამწუხაროდ მავანთა წადილმა თავის მიაღწია", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა